მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ. მათ პარლამენტიდან მმართველი გუნდის ოფისისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო". ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია.
გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს.
შსს უკვე 2 დღეა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ ტელეოპერატორი არ დაიცვა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცემის და ოპერაციის შემდეგ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილები ჰქონდა.
სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა, ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა.
მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:
"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით".
იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები.
